სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიგრაციის მართვის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

IMG_8028სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიგრაციის მართვის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია  გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე მონაწილეობდა.
კონფერენცია მიეძღვნა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) განხორციელებიდან (2013-2015 წწ.) მეხუთე წლისთავს და იმ როლს, რომელიც გეგმამ შეასრულა ქვეყნის და უშუალოდ მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დასრულდა, მისი გრძელვადიანი ამოცანების მიზანია საქართველოს მიგრაციის მართვის სისტემის მუდმივი განვითარება. საერთაშორისო კონფერენცია – „მიგრაციის მართვის სისტემის ახალი მოდელები: ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები საქართველოში“ -დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.
კონფერენციაზე ზურაბ სანიკიძემ ქვეყანაში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – ხაზი გაუსვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას როგორც ქვეყნის, ისე უშუალოდ მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების საქმეში, რაც, თავის მხრივ, დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე. ამასთანავე, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორს – საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქვეყნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საქართველოს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული გეგმის განხორციელებაში და ახლაც წარმატებით მუშაობენ მისი გრძელვადიანი ამოცანების შესრულებაზე.
მიგრაციის მართვის სისტემის მუდმივი განვითარება პარტნიორებთან თანამშრომლობით მართვის მდგრადი მექანიზმების შემუშავებას და მიგრაციის და განვითარების პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს.  ამ მიზნით, კონფერენციაზე ევროკავშირის, მიგრაციის კომისიის და მიგრაციის ევროპულ ქსელის (EMN)  წარმომადგენლების მიერ მოხსენებები გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • ევროკავშირის ახალი პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე;
  • საკვანძო მიღწევები საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში;
  • მიგრაციის ევროპული ქსელის როლი ევროპელ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეთა მხარდაჭერაში, ასევე, ფართო საზოგადოების ინფორმირებაში მიგრაციასა და თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მიგრაციის მართვის რეგიონული და ეროვნული სისტემების მოდელები.

კონფერენცია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინიციატივით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და მიგრაციის ევროპულ ქსელთან (EMN) თანამშრომლობით გაიმართა. კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) – მხარდაჭერით.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისია აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას. მისი სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

IMG_8043