სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება რომლის თანახმად, ტრანსგენდერმა პირმა სამართლებრივი აღიარება მოიპოვა.
სინამდვილეში, განვმარტავთ, რომ ქირურგიული ჩარევით ბიოლოგიური სქესის შეცვლას, ტრანსგენდერის სამართლებრივი აღიარების მოპოვებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქირურგიული ჩარევით სქესის შეცვლის საფუძველზე სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა 1998 წლიდან რეგულირდება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კერძოდ, თუ მოქალაქე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარმოადგენს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს მისი ბიოლოგიური სქესის შეცვლასთან დაკავშირებით, მაშინ ამ პირს უფლება აქვს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მოითხოვოს გვარი/სახელის შეცვლა და შესაბამის სააქტო ჩანაწერებში სქესის აღნიშვნასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა.
როგორც აღვნიშნეთ, კანონი 1998 წლიდან მოქმედებს და შესაბამისად, უკვე არსებობს პრაქტიკა, როცა ქირურგიული ჩარევით სქესის შეცვლის საფუძველზე, შესაბამის სააქტო ჩანაწერში სქესის აღნიშვნა განხორციელებულა.
ასევე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვა. სააგენტო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაძლო პროცედურას ახორციელებს კონკრეტულ საქმეზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.