2019 წელს საარჩევნო სიიდან ამოღებულია 567  გარდაცვლილი პირი 

IMG_1900სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საარჩევნო სიების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით განაგრძობს პროექტს – „საარჩევნო სიების სრულყოფა“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღება.

სააგენტო „სავარაუდოდ გარდაცვლილ“ პირთა გამოვლენის და მონაცემთა ბაზების სრულყოფის მიზნით ყოველწლიურად ატარებს ანალიზს, რომლის შედეგად, საარჩევნო სიიდან ხდება იმ პირთა იდენტიფიკაცია და ამოღება, რომელთა გარდაცვალების შესახებ სააგენტოს დროულად არ ეცნობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ გალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდში, ​მათ ნათესავებთან გადაამოწმეს, რის შემდეგაც გარდაცვალების ოქმები ადგილზე შეადგინეს.

წელს სააგენტოს წარმომადგენლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 000–მდე მისამართზე გავიდნენ და 567 პირის გარდაცვალების ოქმი შეადგინეს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, საარჩევნო სიიდან  8 832 მეტი გარდაცვლილი მოქალაქის მონაცემებია ამოღებული.

საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტი 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი მიზანია სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა მაქსიმალურად სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა.