9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული სამეგრელოში დასრულდა

IMG_6138იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლი დაასრულა. კვირეულის ბოლო ღონისძიება  9 აპრილს სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ერთ-ერთი დაღუპულის – აზა ადამიას მშობლიურ მხარეში გაიმართა.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კამპანიის – „მადლობა თავისუფლებისთვის“ – ფარგლებში კვირეული ჩაატარა.

9 აპრილს დარბევის ოპერაცია  04:05 საათზე  დაიწყო და 04:21 საათზე დასრულდა. დარბევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი, ძირითადად, ქალები, 4 პირი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულთაგან 3 – ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ. 25 წლის გია ქარსელაძე თბილისში, კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სულ დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით – დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა.

9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანიდან 5 რეგიონებიდან იყო. კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები იმ  რეგიონების საზოგადოებრივ ცენტრებში გამართა, საიდანაც 5 დაღუპული გმირი იყო.

სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში გამართულ შეხვედრაზე ისტორიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა – ლევან ჯიქიამ  ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან 9 აპრილის მოვლენებსა და საქართველოს ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ქალაქ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა  და ადგილობრივი თვითმართველობის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც  9 აპრილის მოვლენების მონაწილეებსა და 21 დაღუპულს ეძღვნება. რგოლში სიმბოლურადაა ნაჩვენები 21 მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი (1989-2019 წლები), რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას შეუწყო ხელი. თუმცა, ეს მხოლოდ მცირედია მოვლენათა იმ მნიშვნელოვანი ჯაჭვისა, რამაც  მოგვიტანა თავისუფლება, რისთვისაც ამ უდიდესი მონაპოვრის საწყისებთან მდგომი ადამიანების მადლიერები ვართ.

კვირეულის მიზანი იყო 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მადლიერების გამოხატვა, დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება, ასევე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

კვირეულის ფარგლებში რეგიონებში გამართულ შეხვედრებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ეხმიანებოდა იმ მნიშვნელოვან დღეებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე და ტრაგედიის დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

პირველი ღონისძიება 4 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა იმ დღეს, როდესაც საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, ათეული ათასობით ქართველი თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და შიმშილობა დაიწყო მხოლოდ ერთი მოთხოვნით  – აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა. მეორე შეხვედრა კი 8 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო, რადგან ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ დღეს მიიღეს მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება.