ინოვაციური მეთოდების საკითხებზე სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

15304095_1103453559777283_8551323272479432482_oსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს საინფორმაციო ბაზების გამოყენებით სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, დანერგვისა და პროგნოზირების საერთაშორისო ინოვაციური მეთოდოლოგიების თაობაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება პროექტის – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ – ფარგლებში მოეწყო.
ტრენინგს სააგენტოს ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ტრენინგი მოიცავდა „Big Data“-ს და „Foresight“-ის მეთოდოლოგიების გაცნობას, რომლებიც გამოიყენება მზარდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობების ანალიზისთვის („Big Data“), ასევე პროექტებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპზე მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირებისათვის („Foresight“).
ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები: ჯოზეფ კურტო ( Josep Curto; „Big Data“) და ჯონ სვინი (John Sweeney; „Foresight“), რომელთაც „Big Data“-ს და „Foresight“-ის მეთოდოლოგიების გამოყენებით საჯარო სტრუქტურებში პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. ასევე ინოვაციური მეთოდოლოგიის გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუწყობს სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის, „სერვისლაბის“ (ServiceLab), შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც გამოიხატება არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების შექმნაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ზემოთ ხსენებული ტრენინგები ჩატარდა სააგენტოს ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახურის ინიციატივით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.