სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ეცნობა სამგზავრო დოკუმენტების სანდოობისა და უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და სანდო სერვისები შესთავაზოს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ და მისმა მოადგილემ, ვლადიმერ სიჭინავამ მონაწილეობა მიიღეს მგზავრთა იდენტიფიკაციის პროგრამის (TRIP) მე-20 საიუბილეო სიმპოზიუმში, რომელიც კანადის ქალაქ მონრეალში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) შტაბ-ბინაში გაიმართა.

სააგენტოს წარმომადგენლები ღონისძიების ფარგლებში გაეცნენ ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მგზავრთა იდენტიფიკაციის თანამედროვე სისტემების უახლეს ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს. ღონისძიების პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მგზავრთა იდენტიფიკაციისა და დოკუმენტების უსაფრთხოების ტექნოლოგიური ინოვაციები.

საქართველო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და წარმოადგენს ICAO PKD-ს (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ღია გასაღების დირექტორია) წევრ ქვეყანას, სადაც დაცულია ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA).

ვინაიდან მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, სააგენტოს თავმჯდომარემ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ქვეყნის ახალი სერტიფიკატები გადასცა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კვლავაც გააგრძელებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვალდაკვალ ქვეყანაში სანდო და უსაფრთხო მომსახურებების განვითარებას.