სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიდა ქართლის და ცხინვალის  ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიდა ქართლის და ცხინვალის  ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე გორში შიდა ქართლის და ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა.  სააგენტოს თავმჯდომარემ ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებს მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების  და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარების მიზნით დაგეგმილი აქტივობები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე საქმიანობის შედეგები და იმსჯელეს არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შიდა ქართლის და ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოქალაქეთა მისამართზე რეგისტრაცია, მათი დოკუმენტირება, სამოქალაქო აქტების – დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების – რეგისტრაცია, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა და სხვ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გვარამაძე და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსი, დავით ჩაკვეტაძე.

თანამშრომლებთან შეხვედრები სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც გაიმართება.