იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძე მონაწილეობს „ბუდაპეშტის პროცესის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა 38-ე საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, რუსუდან კოხოძე შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს (SEM) ვიცე-დირექტორს, ჰენდრიკ კრაუსკოფს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიგრაციის სფეროში საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის მიგრაციის საკითხებზე რეგულარული და ეფექტიანი დიალოგის მნიშვნელობას და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და შვეიცარიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობა.
ჰენდრიკ კრაუსკოფის განცხადებით, საქართველოსთან მიგრაციის სფეროში ჩამოყალიბებული პარტნიორობა ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მაგალითია იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც შვეიცარიას მსგავსი ტიპის პარტნიორობა აკავშირებს. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნაყოფიერი და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, ასევე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით აქტიური ჩართულობისთვის.
თავის მხრივ, რუსუდან კოხოძემ ხაზი გაუსვა შვეიცარიის მხარესთან ჩამოყალიბებული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა ხელს უწყობს მიგრაციის მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და თანამედროვე გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების მექანიზმების განვითარებას.