გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, საჯარო სერვისების მიწოდების საკითხისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცდილება კოვიდპანდემიის პირობებში ინოვაციური საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით.
კონფერენციის სახელწოდებით – „საჯარო სერვისების მიწოდება მდგრადი განვითარების მიზნების ეპოქაში” (Public Service Delivery in the Era of SDGs) მიზანი იყო გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის ინოვაციური მიდგომებით საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად გამოცდილების გაზიარება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ, კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით იუსტიციის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გადადგმული ეფექტიანი, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლითაც მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, სახლიდან გაუსვლელად, შეფერხების გარეშე, მარტივად და უსაფრთხოდ ესარგებლათ დისტანციური სერვისებით.
„COVID-19-ის პანდემიის დროს სააგენტომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო მოქალაქეებისთვის შეუფერხებელი მომსახურების მიწოდების მიზნით, ყველაზე მოთხოვნადი სერვისები უმოკლეს დროში ელექტრონულ ფორმატში გადავიტანეთ,“-განაცხადა ზურაბ სანიკიძემ.
სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ისაუბრა იმ სამომავლო ინოვაციური მომსახურებების შესახებ, რომელთაც უწყება საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს შესთავაზებს.
საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი იყო მეცნიერებისა და ჯანმრთელობის საკითხთა ამერიკული საბჭო (ACSH), გლობალური პლატფორმა – სამხრეთ-სამხრეთის ქსელი საჯარო სერვისების ინოვაციისთვის (SSN4PSI) და გაეროს სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ოფისი (UNOSSC).