იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნა. მან ისაუბრა სააგენტოს კოორდინაციით სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ხაზი გაუსვა უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სამუშაო შეხვედრაზე უწყებათაშორისი ჯგუფის წევრებმა განიხილეს მიგრაციის სტრატეგიის 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები და 2026 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პრაქტიკული ასპექტები.
უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებასა და მონიტორინგზე, კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ცხრა სახელმწიფო უწყებისგან შემდგარ კომისიას კი თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო.