იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომლებს – პარამკლავჭიდელ ზაურ ქათამაძეს და პარამსროლელ ვლადიმერ ჭინჭარაულს 2025 წელს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისა და სპორტული მიღწევებისთვის სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ზაურ ქათამაძემ ბულგარეთში გამართულ პარამკლავჭიდის 27-ე მსოფლიო ჩემპიონატზე თავის წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ვლადიმერ ჭინჭარაულმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ პარასროლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, R9 კატეგორიაში 50 მეტრზე შაშხანიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და საბოლოო შედეგების მიხედვით, წლევანდელ ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
პარამკლავჭიდელ ზაურ ქათამაძეს და პარამსროლელ ვლადიმერ ჭინჭარაულს საქართველოს სახელით არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული.