იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი – „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF) დანერგა.
შეფასების ევროპული მოდელი უზრუნველყოფს: ხარისხის მართვის გაუმჯობესებას, მოქალაქეთა კმაყოფილების ზრდას, ორგანიზაციის მუდმივ განვითარებას, თვითშეფასების საფუძველზე სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას, საჯარო უწყებებში შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას.
შეფასების სისტემა 9 ძირითადი კრიტერიუმისა და 28 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება.
სააგენტოში თვითშეფასების ევროპულის მოდელი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK International Development-ის მხარდაჭერით დაინერგა.
საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის 4 ძირითად კომპონენტს შორის ერთ-ერთი სახელმწიფო სერვისების მიწოდებაა, რომლის კოორდინაციაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. უწყებაში თვითშეფასების სისტემის წარმატებით დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის, ასევე, ყველა იმ უწყებისთვის, რომლებსაც იგი სისტემის დანერგვაში ხელს უწყობს.
ხარისხის მართვის პირველი ევროპული ინსტრუმენტი – „შეფასების ერთიანი სისტემა“ (Common Assessment Framework (CAF)) საჯარო სექტორის საჭიროებათა მიხედვით, ევროპული საჯარო ადმინისტრირების ქსელის (EUPAN), ევროკავშირის საჯარო მმართველობაზე პასუხისმგებელი მინისტრებისა და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) თანამშრომლობით შეიქმნა. იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათასობით საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება.