სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

მგზავრთა იდენტიფიკაციის პროგრამის (TRIP) 21-ე სიმპოზიუმი კანადის ქალაქ მონრეალში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) შტაბ-ბინაში გაიმართა. წლევანდელი ღონისძიების თემა იყო – „ნდობის პრაქტიკაში დანერგვა: ICAO-ს სტრატეგიული მიზნებისაკენ – სანდო სამგზავრო იდენტობის უზრუნველყოფა ყველასთვის“. საერთაშორისო სიმპოზიუმში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე თორია მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მგზავრთა იდენტიფიკაციასა და ციფრულ სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკის გაზიარება.

სიმპოზიუმის მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე სამგზავრო დოკუმენტების ვერიფიკაციის საკითხი, რომლებზე დატანილ მონაცემებსაც კომპიუტერი ავტომატურად კითხულობს სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით. აგრეთვე, სამგზავრო დოკუმენტების გაცემის, კონტროლის, ინსპექტირების სისტემებისა და ხელსაწყოების, ურთიერთთავსებადი აპლიკაციების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მგზავრთა იდენტიფიკაციისა და დოკუმენტების უსაფრთხოების ტექნოლოგიური ინოვაციები.

სიმპოზიუმში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.