იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდა.
სააგენტოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტაჟირების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა, უწყების ხელმძღვანელი პირები წარუდგინა და იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
რუსუდან კოხოძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სტაჟირება პროფესიულ გარემოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა. მან სტაჟიორებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სააგენტოს საქმიანობაში, რადგან სტაჟირება პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებასთან ერთად პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლობაა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები და იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სადაც შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან.
2026 წელს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის 12 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში 293 ვაკანსია გამოცხადდა, რომლებზეც 6 639 განაცხადი შევიდა. კონკურსის შედეგად 189 სტაჟიორი შეირჩა.
2025 წელს პროგრამით მიღებული 156 სტაჟიორიდან 109-ს სტაჟირების ვადა გაუგრძელდა, მათი ნაწილი კი დასაქმდა.