იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ, მოადგილეებთან ერთად, უწყების სამოქალაქო რეესტრის მიმართულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო რეესტრის სრულყოფის, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარების მიზნით დაგეგმილი აქტივობები გააცნო. შეხვედრაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და იმსჯელეს არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე.
რუსუდან კოხოძემ თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის, დისტანციური მომსახურების სამმართველოს, დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს, სამოქალაქო რეესტრის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო რეესტრის მონაცემების სრულყოფის სამმართველოს და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების უფროსები.
სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის და ტერიტორიული სამსახურების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოქალაქეთა მისამართზე რეგისტრაცია, მათი დოკუმენტირება, სამოქალაქო აქტების – დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების – რეგისტრაცია, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა და სხვ.




















