იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, თემურ გოგინოვი და სამოქალაქო რეესტრის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ირაკლი ჭელიძე შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს (SEM) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო დაცვის პროცედურები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არმქონე პირთა საქმეების მართვის საკითხები, ასევე, დოკუმენტების შემოწმებისა და ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენის პრაქტიკა და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შვეიცარიელ კოლეგებს საერთაშორისო დაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებული უახლესი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები გააცნო.
დელეგაციის წევრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 2023 წლის ლტოლვილთა გლობალურ ფორუმთან (GRF) დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ერთობლივი საქმიანობა და ლტოლვილთა დაცვის სფეროში არსებული აქტუალური თემები.
შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს კოორდინაციას უწევდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც წარმოადგენს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს და საქართველო-შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის საკონტაქტო უწყებას. ვიზიტის მიზანი იყო შვეიცარიის მიგრაციისა და თავშესაფრის მართვის სისტემის პრაქტიკული მექანიზმების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.


