იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ფეტვიაშვილმა, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბავშვთა მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე გამართულ რეგიონულ ექსპერტთა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა თემატური დისკუსია და სესიები, რომლებშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფოდან დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დისკუსიის მონაწილეებმა ბავშვთა მოქალაქეობის არმქონეობის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს, ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს, ასევე განიხილეს ბავშვთა მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციის გასაძლიერებლად პრაქტიკული მიდგომები და რეკომენდაციები.
ღონისძიება მოქალაქეობის არმქონეობის აღმოფხვრის გლობალური ალიანსის ეგიდით, მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის, ODHIR-ის, OSCE-ს, UNHCR-ის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი თანამშრომლობის კომიტეტის (CDCJ-MIG) თანაორგანიზებით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა.

