“საქართველოში 2024 წლის დასაწყისისთვის პრაქტიკულად ყველა სოფელი იქნება დამისამართებული და სახლის მისამართი, რომელიც ადამიანის იდენტობის პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილია, ზუსტად ექნება განსაზღვრული ყველა ადამიანს,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. იუსტიციის სამინისტრო, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება. პროექტის ძირითადი კომპონენტებია: • მუდმივად განახლებადი რეესტრის დანერგვა, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება. • საველე ჯგუფების მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ და განახლებულ მისამართებზე მოქალაქეთა იდენტიფიცირება, სამისამართო მონაცემებში აღმოჩენილი ცვლილებების დაზუსტება. • დაკორექტირებული სამისამართო ერთეულების ინსპექტირება და სამისამართო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა.
დღეისათვის მისამართების რეესტრში დაზუსტებულია ქვეყნის 67 დასახლების 500 214 მისამართი და 3 208 554 პირის შესახებ ჩანაწერი. ასევე, 2013-2020 წლებში დამისამართების საველე სამუშაოები პირველად ჩატარდა 900-მდე სოფელში.