სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებს

სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებს

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ესპანურ მოდელს გაეცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ღვინიანიძემ სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძესთან ერთად ესპანეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრებზე მოქალაქეობის არმქონე პირთა პრობლემების გადაჭრის ისეთი საკითხები განიხილა, როგორიცაა: მოქალაქეობის არმქონე ბავშვთა საკითხების რეგულირება; მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის დადგენის პროცედურები; მოქალაქეობის არმქონე პირების ინტეგრაციის მიზნით, მათი ინფორმირება არსებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ; მოქალაქეობის მიღების პროცედურები; ბინადრობის ნებართვების გაცემის პროცედურები და სხვ.

მოქალაქეობის არმქონე პირების საკითხებზე სერვისების განვითარების სააგენტო, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, წარმატებით მუშაობს. ამ საქმიანობის შედეგად, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობა მცირეა და მხოლოდ რამდენიმე ათეულს შეადგენს.

სახელმწიფოსათვის პრიორიტეტია, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა პირს ჰქონდეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, განათლებისა თუ სხვა სახელმწიფო ან კერძო სერვისები. ამისათვის კი ყველა პირს უნდა განესაზღვროს მოქალაქეობრივი სტატუსი და ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) საქართველოს ოფისთან ერთად, ახორციელებს საინფორმაციო კამპანია „კარდაკარს“, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია უდოკუმენტო პირების, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირება და მათი დოკუმენტირება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, კამპანიის შედეგად გამოვლენილ პირებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უფასოდ გადაეცემა.