სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული წარმატებული პრაქტიკისა და პროგრესის გასაცნობად ცენტრალური აზიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით განხორციელდა.
სააგენტოს პროაქტიული მუშაობის შედეგად საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნად მიიჩნევა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ ოთხი ქვეყნის – ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს გააცნო მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე უწყებათშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის პრაქტიკა, ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში არსებული მდგომარეობა გაეროს კონვენციებთან მიერთებამდე და მიერთების შემდეგ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელმა კემლინ ფურლიმ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, ასევე, აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველომ UNHCR აღმასრულებელ კომიტეტზე ნებაყოფლობითი ვალდებულებები აიღო მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის, რომელთა შესრულება კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ქვეყნის პრაქტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში გაეროს ორი კონვენციის წევრია, კერძოდ, 2011 წელს მიუერთდა მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციას, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სესიაზე აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულებები მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციის ხელშეწყობისა და უფლებების სრულყოფისთვის შესაბამისი აქტივობების განხორციელების შესახებ.
საქართველო გაეროს ორივე კონვენციის წევრ სახელმწიფოებსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურა დანერგა.









