კიბერუსაფრთხოების და IT ინოვაციების რეგიონალურ კონფერენციაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საუკეთესო IT მენეჯმენტისთვის დააჯილდოვეს
კიბერუსაფრთხოების და IT ინოვაციების მე-12 რეგიონულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საუკეთესო IT მენეჯმენტისთვის ჯილდო გადაეცა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების რეგიონული კონფერენცია, თბილისში სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა. ღონისძიებას 15-მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. GITI ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. კონფერენცია „ICT ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორობით გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმატებული კიბერპროექტები და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად კონკურსი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროეტების გამოვლენა და დაჯილდოება წარმოადგენდა, რაც საჯარო და კერძო სექტორებში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას უწყობს ხელს.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალური კონფერენციები, 2008 წლიდან ტარდება. ამ პერიოდიდან სერვისების განვითარების სააგენტო კონფერენციის მუდმივი მონაწილე და IT პროექტების კონკურსის არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია.