იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სააგენტომ, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის თვითშეფასების მიზნით, ხარისხის მართვის ევროპული მოდელის – „შეფასების ერთიანი სისტემის“ (Common Assessment Framework (CAF) – დანერგვა დაიწყო. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზაციული თვითშეფასების მოდელი საჯარო ადმინისტრირების ევროპული ქსელის წარმომადგენლებმა საჯარო სექტორისთვის ხარისხის მართვის ერთიანი მიდგომების უზრუნველსაყოფად შეიმუშავეს. მისი მიზანია საჯარო უწყებების შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის ხელშეწყობა, ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის სისტემატური და კომპლექსური თვითშეფასება, მიღებული შედეგების გაუმჯობესება.
ხარისხის მართვის ევროპული მოდელი აუმჯობესებს საჯარო ორგანიზაციის საქმიანობას, ზრდის მომხმარებლის მომსახურების ხარისხს და მოქალაქეთა კმაყოფილებას. აღნიშნული მოდელი დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია და ჰოლანდია.
აღსანიშნავია, რომ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოში პირველად დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების მიმართულებით პროცესების დახვეწას. 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი და მაღალი სტანდარტით მიეწოდება.


