საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის არმქონეობის თემაზე გამართულ მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებმა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისა და დოკუმენტირების პროცედურებზე იმსჯელეს და ერთმანეთს მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნეს.
ღონისძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში გაიმართა. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ დელეგატები მოლდოვიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან, ასევე, აზერბაიჯანის სამთავრობო, სასამართლო და სამოქალაქო სექტორიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ისაუბრა მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნის, მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. მან კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მოქალაქეობის არმქონის სტატუსის დადგენის პროცედურისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობით სააგენტოს მიერ განხორციელებული „კარდაკარ“ კამპანიის შესახებ, რომელიც უდოკუმენტო პირთა იდენტიფიცირებასა და დოკუმენტირებას ისახავდა მიზნად.
აღსანიშნავია, რომ UNHCR-ის ევროპის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დაასახელა, მოქალაქეობის არმქონეობის საკითხზე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თვალსაზრისით.
საქართველო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გლობალური კამპანიის #Ibelong წევრია. მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება კიდევ უფრო მეტად აახლოებს ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტებთან.
კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.


