სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უცხოელ კოლეგებს საჯარო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უცხოელ კოლეგებს საჯარო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა და კორეელმა კოლეგებმა ერთმანეთს საჯარო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ  გამოცდილება გაუზიარეს.

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ვიზიტი  სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის  პრაქტიკის გაცნობას და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ – სერგი ბეჟაშვილმა უცხოელ კოლეგებს  პრეზენტაცია წარუდგინა ევროკავშირთან კვალიფიციური სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ევროკავშირის კანონმდებლობის eIDAS რეგულაციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესზე. სააგენტოს წარმომადგენლმა საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს Smart-ID-ის, ციფრული იდენტიფიცირების საფულის (DIW) მიმდინარე პროექტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

სამუშაო ვიზიტი ასევე მოიცავდა შეხვედრებს სხვადასხვა საჯარო სამსახურსა და კერძო კომპანიებში. პროექტის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ კორეის საჯარო ორგანიზაციების ტექნოლოგიურ ინოვაციურ პრაქტიკას: მობაილ პასპორტის დანერგვის მოსამზადებელ სამუშაოებს, უსაფრთხო ციფრული ტრანზაქციების სერვისებს,  მონაცემთა მართვის მექანიზმს, რომლებიც კორეაში სამთავრობო ოპერაციების დიგიტალიზაციისა და საჯარო სერვისების მიწოდებისთვის გამოიყენება.

სამუშაო ვიზიტში  მონაწილეობდნენ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში სახელმწიფო სერვისების ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს ახორციელებენ.