სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული სერვისების დიზაინის/რედიზაინის, სერვისების კატალოგის და ბიზნესპროცესების შეფასების/ანალიზის დოკუმენტებზე, რომელთა თანახმადაც სააგენტოში იდენტიფიცირებულია 106 სახელმწიფო სერვისი, სახელმწიფო სერვისების ინდექსის ინდიკატორებისა და შეფასების მატრიცის საფუძველზე შეფასებულია და გაანალიზებულია 158 ბიზნესპროცესი, ხოლო შემოქმედებითი აზროვნების მიდგომით შექმნილია ერთი ახალი და მოდიფიცირებულია ორი არსებული სახელმწიფო სერვისი.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი მიდგომების დანერგვის პროცესზე როგორც სააგენტოში, ისე სახელმწიფო სერვისის მიმწოდებელ სხვა უწყებებში, ასევე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ამოცანებზე.
საჯარო რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად, მომხმარებელს სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი და მაღალი სტანდარტით მიეწოდება.
საჯარო მმართველობის რეფორმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა UNDP-ის საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) პროექტის საჯარო პოლიტიკის კოორდინატორი.