„პრაღის პროცესის“ ფარგლებში თბილისში სამდღიანი საერთაშორისო სემინარი -„დიგიტალიზაციის პოტენციალი მიგრაციის კონტექსტში“ გაიმართა, სადაც მიგრაციის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საკითხები განიხილეს.
ღონისძიებას „პრაღის პროცესის“ წევრი 16 ქვეყნის 71 წარმომადგენელი ესწრებოდა.
სემინარის მონაწილეებისთვის თბილისის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას, ინოვაციურ პროექტებს და ინფორმაცია მიიღეს იმ 470-ზე მეტი სერვისის შესახებ, რომლებიც იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში გაიცემა.
საერთაშორისო სემინარი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და „პრაღის პროცესის“ თავმჯდომარის − ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „პრაღის პროცესის“ სამდივნოს − მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.




