მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) ორგანიზებული კონფერენციის მთავარი თემა იყო ევროკავშირის ლეგალური მიგრაციის პოლიტიკა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა კვალიფიციური მუშახელის ლეგალური გზებით მიგრაციაზე, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესწავლასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს თემა ევროკავშირში ესპანეთის პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთ მთავარ სამოქმედო პრიორიტეტს წარმოადგენს.
ღონისძიება ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მასში მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე.
სააგენტო წარმოადგენს მიგრაციის ევროპული ქსელის ეროვნულ საკონტაქტო პირს საქართველოდან და ქვეყანაში ლეგალურ მიგრაციაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტებიდან, სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივი უწყებებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორიდან. პანელურ დისკუსიებში აგრეთვე ჩართული იყვნენ მიგრაციის სფეროს ექსპერტები და პრაქტიკოსები.
მიგრაციის ევროპული ქსელი არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის ექსპერტთა გაერთიანება, რომელიც ევროპაში მიგრაციისა და თავშესაფრის თემებზე მუშაობს. საქართველო 2021 წელს, დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა აღნიშნულ ქსელს და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში.





