სააგენტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოლეგებს ორგანიზაციული თვითშეფასების ერთიანი სისტემის დანერგვის შესახებ გამოცდილება გაუზიარა

სააგენტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოლეგებს ორგანიზაციული თვითშეფასების ერთიანი სისტემის დანერგვის შესახებ გამოცდილება გაუზიარა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთ-ერთი პირველი უწყებაა, რომელმაც ხარისხის მართვის ევროპული მოდელის – „შეფასების ერთიანი სისტემის“ (CAF) დანერგვა დაიწყო. პროექტი საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს.

სააგენტოს  კვლევებისა და პროექტების განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების საჯარო უწყებებთან ერთად,  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს ორგანიზაციული თვითშეფასების ერთიანი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა  უცხოელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია  სისტემის დანერგვის პროცესში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების, გამოწვევებისა და  მათი გადაჭრის  გზების შესახებ.

ორგანიზაციული თვითშეფასების მოდელი საჯარო ადმინისტრირების ევროპული ქსელის წარმომადგენლებმა საჯარო სექტორისთვის ხარისხის მართვის ერთიანი მიდგომების უზრუნველსაყოფად შეიმუშავეს. შეფასების ერთიანი სისტემა აუმჯობესებს საჯარო ორგანიზაციის საქმიანობას და  ზრდის მომსახურების ხარისხს. აღნიშნული მოდელი დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია და ჰოლანდია.

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები ხარისხის მართვის მექანიზმის – „შეფასების ერთიანი სისტემის“  შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის რეფორმის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის ორგანიზებით გაიმართა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო ორგანიზაციებში მდგრადი ხარისხის მართვის მიდგომების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებას ევროკავშირისა და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ერთობლივი პროექტის – SIGMA-ს („მმართველობისა და მენეჯმენტის განვითარების მხარდაჭერა“) ექსპერტები უძღვებოდნენ.