მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საქართველოს და კვიპროსის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა

მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საქართველოს და კვიპროსის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) საკონტაქტო პირს წარმოადგენს საქართველოში, უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით – „საინფორმაციო კამპანიები, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი თანამედროვე მიგრაციის მართვაში“.

ორდღიანი ჰიბრიდული კონფერენცია, რომლის მთავარი განსახილველი თემა იყო საინფორმაციო კამპანიები მიგრაციის სფეროში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებმა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაზე იმსჯელეს, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

კონფერენციაში მონაწილეობდა 80-მდე დელეგატი, რომელთა შორის იყვნენ: ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, მიგრაციის ევროპული ქსელის ფინეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, სლოვაკეთისა და ლიეტუვის საკონტაქტო პირები და მოწვეული ექსპერტები.

კონფერენცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მიგრაციის ევროპული ქსელის კვიპროსის საკონტაქტო პირის ორგანიზებით, ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

მიგრაციის ევროპული ქსელი არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ევროპაში თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში წამოჭრილი საკითხების გასაანალიზებლად. საქართველო ქსელს 2021 წელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა და აქტიურადაა ჩართული მის ანალიტიკურ საქმიანობაში.