იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გამართულ რეგიონთაშორის კონფერენციაზე უცხოელ კოლეგებს ციფრული მმართველობის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ინოვაციური იდეები განიხილეს და წამყვანი ექსპერტებისგან ციფრული მმართველობის ეფექტიანი განვითარების შესახებ რეკომენდაციები მიიღეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონფერენციაზე წარადგინა ციფრული იდენტიფიკაციის საფულის – GeWallet-ის პროექტი, რომელიც არის თანამედროვე ტიპის აპლიკაცია და მაღალი დაცულობის იდენტიფიკაციის საშუალებას წარმოადგენს. უცხოელ კოლეგებს სააგენტოს წარმომადგენელმა პროექტის პირველი ფაზის სამუშაოების წარმატებით დასრულების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
ღონისძიება ასტანის საჯარო სერვისების ჰაბის (ACSH), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს (MOIS) და ინფორმაციული საზოგადოების ეროვნული სააგენტოს (NIA) ორგანიზებით გაიმართა.
ორდღიანი კონფერენცია – „ციფრული მმართველობისა და ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტების განსაზღვრა“ კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული მმართველობის ხელშეწყობისთვის“ – ფარგლებში განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონების 12 ქვეყანაში ციფრული მმართველობის განვითარებას. პროექტი სამი წლის განმავლობაში (2024-2026 წლები), ასტანას საჯარო სამსახურის ჰაბისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, MOIS-თან და NIA-სთან პარტნიორობით განხორციელდება.
ღონისძიებაში 13 ქვეყნის საჯარო უწყებების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ.





