იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირია, მონაწილეობა მიიღო EMN-ის მოქალაქეობის არმქონეობის პლატფორმის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, თემაზე – „მოქალაქეობის არმქონეობის საკითხი და ბავშვები“.
სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამთა ფეტვიაშვილმა, რომელიც შეხვედრაში მომხსენებლის რანგში ონლაინ მონაწილეობდა, უცხოელ კოლეგებს ბავშვებისათვის საქართველოს მოქალაქეობაზე ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციის მიმართულებით საქართველოში არსებული გამოცდილება გააცნო.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს ბავშვთა მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების საკითხებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ღონისძიება ევროკავშირის მიგრაციის ევროპული ქსელის ლუქსემბურგის საკონტაქტო პირისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, EMN-ის მოქალაქეობის არმქონეობის პლატფორმის ფარგლებში გაიმართა.
მიგრაციის ევროპული ქსელი არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ევროპაში თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში წამოჭრილი საკითხების გასაანალიზებლად. საქართველო ქსელს 2021 წელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა და აქტიურადაა ჩართული მის ანალიტიკურ საქმიანობაში.

