ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლებს საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდათ

ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლებს საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდათ
ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდათ
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებს საარჩევნო სიის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები გააცნეს.
სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტს – „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას.
შეხვედრაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ჩატარებული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სწორედ პროექტის ფარგლებში განხორციელებული გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისათვის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეთა 3 245 275 ზუსტი მონაცემი და ბიომეტრიული ფოტოსურათია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში, ბოლო წლების მსგავსად, კვლავ დადებითად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საარჩევნო სიების დაზუსტებისთვის გაწეული სამუშაოები.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავდა, რომ – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს მონაცემთა რეესტრის დახვეწაზე მუშაობას. სააგენტო დუბლირებული მონაცემების ამოსაღებად სახის ამოცნობის ინსტრუმენტს იყენებს, პროაქტიულად იღებს გარდაცვლილი ამომრჩევლების ინფორმაციას, და ამომრჩევლებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ მიიღონ და განაახლონ დოკუმენტები და ფოტოსურათები“.