საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმა გრძელდება

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმა გრძელდება

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია ქვეყანაში საჯარო მმართველობის სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეფორმის განხორციელებაში სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით წამყვანი როლი უკავია.

სააგენტომ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის საკითხებზე ტრენინგების ციკლი დაიწო. ამ ეტაპისთვის სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებების 60-მდე წარმომადგენელმა ონლაინრეჟიმში გადამზადების კურსი გაიარა. რეფორმის სერვისების მიწოდების მიმართულება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

2022 წლის მარტის შუა რიცხვებამდე  კიდევ 10 ტრენინგის ჩატარება იგეგმება, კერძოდ,  სერვისის შექმნის (დიზაინი),  სახელმწიფო სერვისების მიწოდების, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის, თვითშეფასების ერთიანი სისტემისა (CAF) და სახელმწიფო სერვისების განფასების მეთოდოლოგიებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოში პირველად დამტკიცდება სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი სტრატეგია. აგრეთვე, დაიხვეწება და დაინერგება სტრატეგიით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები და ტრენინგმოდულები.

რეფორმის შედეგად საჯარო სერვისების მიწოდების სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებით  საქართველოს ყველა მოქალაქე მეტად ხელმისაწვდომი სერვისებით იქნება  უზრუნველყოფილი.