იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNHCR-ის წარმომადგენლებმა, „კარდაკარ“ კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტების – თვითმმართველობისა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებთან, ასევე, თემატურად მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია ბენეფიციართა გამოსავლენად და ქვეყანაში მოქალაქეობის არქონის შემთხვევების აღმოსაფხვრელად. კამპანიის მიზანია მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირება და მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის ხელშეწყობა.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, კამპანიის ფარგლებში გამოვლენილი ბენეფიციარები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს უფასოდ მიიღებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ რეგიონებში მოქალაქეობის არმქონე პირების გამოვლენას, მოქალაქეობრივი სტატუსის განსაზღვრასა და დოკუმენტირებას.
„კარდაკარ“ კამპანია UNHCR-ის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.