მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის დანერგვაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. სტრატეგიის შესრულების კოორდინაციის მიზნით, რეგულარულად იმართება სერვისების მიმწოდებელი უწყებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ჩატარდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელიც ხსენებულ პროცესს უწევს კოორდინაციას. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლებმა სერვისების სფეროში ერთიანი, ახალი მიდგომების დანერგვის პრაქტიკული ასპექტები, შესრულებული სამუშაო, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად სახელმწიფო სერვისები მოსახლეობას კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი, მაღალი სტანდარტით მიეწოდება და საქართველოს ყველა მოქალაქე მეტად ხელმისაწვდომი სერვისებით იქნება უზრუნველყოფილი.
საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საქართველოში პირველად დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების მიმართულებით პროცესების დახვეწას.