გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით, 20-21 ოქტომბერს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა „მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირებისა და დაცვის საუკეთესო პრაქტიკები ევროპაში“, რომელსაც 30 ქვეყნის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი და მოლდოვა, საქართველომ თავისი პრაქტიკა ევროპის სხვა ქვეყნებს გაუზიარა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ქეთევან ბეთლემიძემ საქართველოს, როგორც მოწინავე პრაქტიკის მქონე ქვეყნის, გამოცდილებაზე ისაუბრა ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონეობის საკითხთან, მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის დადგენასა და „კარდაკარ“ კამპანიასთან დაკავშირებით.




