სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიების, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებთან ელექტრონული სერვისების შესახებ საინფორმაციო/ინტერაქტიული შეხვედრა გამართეს.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სააგენტოში დანერგილი ციფრული სერვისების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესისა და ტენდენციების კვალდაკვალ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანაში ქმნის და ავითარებს სახელმწიფო სერვისებს, მოქალაქეებისთვის ამარტივებს სხვადასხვა მომსახურებას და ზრდის მათზე ხელმისაწვდომობას.

სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოში დანერგილ ელექტრონულ სერვისებზე – კვალიფიციური სანდო მომსახურებები, დისტანციური სერვისები და ელექტრონული აპოსტილი, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა საინფორმაციო ვიდეორგოლი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესახებ.

სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები სტუდენტებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, სიახლეებისა და სხვადასხვა სერვისის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.