სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სერვისების შექმნისა და მიწოდების საკითხებზე მესამე რეგიონულ სემინარს უმასპინძლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით ხარისხის მართვის გამოცდილება გაუზიარა.

ხუთდღიანი სემინარის მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისათვის გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებმაც სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხის მართვის სისტემებზე გამოცდილება გააცნეს ერთმანეთს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში უწყებაში მიმდინარე ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელისა (CAF) და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესების შესახებ.

ღონისძიების მონაწილეთათვის თბილისისა და მუხრანის იუსტიციის სახლებში საინფორმაციო ტურები მოეწყო. სტუმრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას და ინფორმაცია მიიღეს იმ 470-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის შესახებ, რომლებიც იუსტიციის სახლებში გაიცემა.

სემინარი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), საჯარო მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტის (SIGMA) და ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის (EIPA) ექსპერტები.