სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ეფექტიანი მომსახურების საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების ეფექტიანი მომსახურების საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქვეყანაში სერვისების გამცემი ერთ-ერთი მთავარი უწყებაა და მისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა, მათთვის სახელმწიფო სერვისების გამარტივება და როგორც ადგილზე, ისე დისტანციურ მომსახურებაზე მისაწვდომობის გაზრდა.
სააგენტოს თანამშრომლებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ ტრენინგზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან სწორი კომუნიკაციის უახლესი მიდგომებისა და სტანდარტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ტრენინგს სერვისების გამცემი 20 სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გადამზადების მიზანი იყო სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებების თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცნობა.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების მნიშვნელოვანი საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; შეზღუდული შესაძლებლობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სათანადო ტერმინოლოგია; უნივერსალური დიზაინის პრინციპები; სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის და ქცევის ეტიკეტი; თანასწორი მომსახურების პრინციპები.
ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK AID-ის მხარდაჭერით, პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით“ – ფარგლებში გაიმართა. სწავლებას UNDP-ის პროექტის მენეჯერი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.