იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია “GITI”-ის მონაწილეებს ციფრული იდენტიფიკაციის საფულის – GeWallet-ის კონცეფცია გააცნო.
ციფრული საიდენტიფიკაციო საფულე – GeWallet არის მაღალი დაცულობის იდენტიფიკაციის საშუალება და ბაზარზე არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური და სამართლებრივი გადაწყვეტა. იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული ეკონომიკის განვითარების პროცესში. მომხმარებლები GeWallet-ის საშუალებით შეძლებენ:
• ციფრულ და ფიზიკურ სივრცეში იდენტიფიკაციას;
• კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას;
• საფულეში არსებული ციფრული დოკუმენტების გამოყენებას;
• სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას;
• პერსონალური მონაცემების გაზიარებას.
“GITI” ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კონფერენცია „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებითა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარტნიორობით ტარდება.






