იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონსა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განაახლა. აგრეთვე დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენას დაქვემდებარებული პროცესების შეფასება.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე უწყებაში დანერგილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის, განახლებული პოლიტიკისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასების საკითხები განიხილეს და ღონისძიების მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას დაქვემდებარებული პროცესების განსაზღვრა და მათი შეფასება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლეა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი მონაცემთა დამმუშავებელია, რომელიც სახელმწიფო სერვისების მიწოდებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიების უზრუნველყოფითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაგრძობს.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, მასში შემავალი სსიპ-ებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენას დაქვემდებარებული პროცესების განსაზღვრის სამუშაოები USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებიც სააგენტოში უკვე დაინერგა, 2024 წლის 1 ივნისიდან შედის ძალაში.