სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სერბეთის რესპუბლიკის ლტოლვილთა და მიგრაციის კომისარიატის დელეგაციის წევრებს კომისიის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები და მათი განხორციელების მექანიზმები გააცნო.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც 9 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს. მას იუსტიციის სამინისტრო თავმჯდომარეობს. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასევე წარმოადგენს მიგრაციის ევროპული ქსელის ეროვნულ საკონტაქტო პირს საქართველოდან.
სერბეთის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში შვეიცარია-სერბეთის მიგრაციის პარტნიორობის პროექტის – „სერბეთში მიგრაციის მართვის შესაძლებლობებისა და პარტნიორობის გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელდა. ხუთდღიანი ვიზიტის მიზანია მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაბამისი წევრი უწყებების მიერ გამოცდილების გაზიარება.


