სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხარისხის მართვის კვირეულს უმასპინძლა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხარისხის მართვის კვირეულს უმასპინძლა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ  ხარისხის მართვის კვირეულის ფარგლებში გამართული კონფერენციის – „ხარისხის მართვა წარმატებული საჯარო მმართველობის რეფორმისათვის“ – მონაწილეებს „შეფასების ერთიანი სისტემის“ (CAF) დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარა.

ღონისძიება სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძემ გახსნა. მან ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სერვისების მიწოდების კომპონენტის, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის  განხორციელებისას ხარისხის ერთიანი მართვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.  ქეთევან ბეთლემიძემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საჯარო უწყებებში CAF-ის დანერგვის პროცესში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქტიური ჩართულობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში სერვისების მიწოდების კომპონენტის განხორციელების მაკოორდინირებელი უწყებაა.

უცხოელმა ექსპერტებმა  ხარისხის მართვის მიმართულებით საქართველოს მოწინავე პოზიციებსა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია: „შეფასების ერთიანი სისტემა და ხარისხის ერთიანი მართვა: საქმიანობის გაუმჯობესება საჯარო ადმინისტრაციებში“. ღონისძიების მონაწილეებმა საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით ხარისხის მართვის შესაბამისი მექანიზმები განიხილეს და კოლეგებს ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელის – CAF-ის მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

კონფერენციას  ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი და სხვა სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ კვირეულის მხარდამჭერი საერთაშორისო პარტნიორების: „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ), „საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტისა“ (EIPA) და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) „მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების“ პროგრამის (SIGMA)  ექსპერტები.