იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ელექტრონული სერვისები, მათ შორის კვალიფიციური სანდო მომსახურებები: კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დროის კვალიფიციური აღნიშვნა. ასევე ისაუბრეს ციფრული ტრანსფორმაციის, დოკუმენტების ვერიფიკაციის ვებსერვისებისა და ციფრული იდენტიფიკაციის საფულის – GeWallet-ის მიმდინარე პროექტის შესახებ.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კამბოჯის დელეგაციის წევრები, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანი იყო ელექტრონული მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციის, უსაფრთხო იდენტიფიკაციის სისტემებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროებში გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.







