სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა ჩატარდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა ჩატარდა

მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოქალაქეთა 97% იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებით კმაყოფილია.

სააგენტომ ხარისხის მართვის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

პირისპირ და დისტანციურად (ტელეფონითა და ელფოსტით) გამოიკითხა 1 600-მდე პირი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

კვლევის შედეგია:

1. რესპონდენტთა ზოგადი კმაყოფილების საშუალო მაჩვენებელი – 97%;

2. სერვისის ხარისხის ინდექსის (SERVQUAL) საშუალო მაჩვენებელი – 97.3%;

3. ლოიალობის (მიღებული მომსახურების შესახებ რეკომენდაციის გაწევის მზაობა) საშუალო მონაცემი – 86%-ს აღემატება.

პირისპირ (ფიზიკური) გამოკითხვა განხორციელდა სერვისების გაცემის ადგილებზე – სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში, ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სპეციალურად შემუშავებული კითხვარებით.

სააგენტოში მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დაინერგა და მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის პერიოდულად ჩატარდება.

მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK International Development-ის ექსპერტული და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.