სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოს განცხადება

sda logoდღეს, 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთხელ გაჟღერდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 27 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც
ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა,
დღეს ამავე ტელევიზიის ეთერით უკვე მეორედ გავრცელდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილის ბინაში უცნობი პირია რეგისტრირებული.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ უკვე გააკეთა გაცხადება, სადაც წერია, რომ კუბლაშვილის მეუღლემ, მარინა მესხმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მომართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მის საკუთრებაში, მისამართზე – თბილისი, ვაჟა-ფშაველს გამზ., III კვ., კორპ. 6ა, ბ.9 – რეგისტრირებული მარიამ რამინაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თხოვნით. მესაკუთრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც კუბლაშვილების ოჯახს მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს წერილობით ეცნობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს სააგენტოს მიერ ცესკოსთვის მიწოდებულ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში მათ მისამართზე მხოლოდ კონსტანტინე კუბლაშვილის ოჯახის წევრები – მისი მეუღლე და შვილი – არიან რეგისტრირებული.

სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას, ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.

სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.