აპოსტილი და ლეგალიზაცია

აპოსტილი და ლეგალიზაცია

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია

საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი დოკუმენტები საზღვარგარეთ გამოყენებისთვის საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას.

აპოსტილით დამოწმებისას/ლეგალიზაციისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობა.

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში.

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების გამოყენება შესაძლებელია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის (აპოსტილის კონვენცია) წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე (კონვენციის წევრი სახელმწიფოების სია იხ. ბმულზე).

ქვეყნებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ აპოსტილის კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, ძალაში რჩება ლეგალიზაციის მოთხოვნა. შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი დოკუმენტების დამოწმება ხდება ლეგალიზაციის წესით.

ლეგალიზაცია, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისაგან განსხვავებით, ორეტაპიანი პროცედურაა. ლეგალიზაციის პირველ ეტაპს უზრუნველყოფს  სააგენტო, მეორე ეტაპს კი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, რომელიც ახდენს პირველ ეტაპზე განხორციელებული ლეგალიზაციის შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტურობის დამოწმებას. აღსანიშნავია, რომ ლეგალიზაციის მეორე ეტაპის სალეგალიზაციო შტამპისა და თანამდებობის პირის ხელმოწერის ფოტოასლის დოკუმენტის ჩანართზე დატანასა და ჩანართის დოკუმენტზე დართვას ტექნიკურად უზრუნველყოფს სააგენტო, შესაბამისად, დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით.

შენიშვნა: დოკუმენტის ლეგალიზაციის შემდეგ საჭიროა დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება, რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში (უცხო ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე).

სააგენტო ასევე ახორციელებს აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმანსა და თარგმანის აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას. დოკუმენტების თარგმნა შესაძლებელია შემდეგ ენებზე:

•           ინგლისური

•           იტალიური

•           ფრანგული

•           ესპანური

•           ბერძნული

•           რუსული

•           გერმანული

•           თურქული

  • აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:

    • სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
    • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
    • სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
    • სანოტარო აქტები;
    • საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
    • ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
    • აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.

    აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე ელექტრონული დოკუმენტის უფლებამოსილი  პირის  მიერ  დამოწმებული  მატერიალური  ამონაბეჭდი  ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ან სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური ასლი.

    ლეგალიზაციას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.

    აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:

    • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობისა და      საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;
    • კერძო სამართლის იურიდიული პირების   მიერ   (გარდა   სამედიცინო   და   საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;
    • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
    • სამხედრო ბილეთი;
    • სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
    • ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
    • სანოტარო აქტები – ასლის დედანთან სისწორისა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის ნამდვილობის დამოწმება;
    • ნორმატიული აქტები.

  • დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია:

    • მე-8 სამუშაო დღეს – 30 ლარი;
    • მე-4 სამუშაო დღეს – 60 ლარი;
    • მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი;
    • იმავე დღეს – 150 ლარი.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია:

    • მე-8 სამუშაო დღეს – 30 ლარი;
    • მე-4 სამუშაო დღეს – 60 ლარი;
    • 2 სამუშაო დღეში – 120 ლარი;

    ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხო ენაზე თარგმნის საფასურია 30 ლარი.

    საზღვარგარეთ მყოფი პირისგან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით მიღებული განცხადების დროს მატერიალური დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, ასევე ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმება:

    • 3 სამუშაო დღის ვადაში – 55 ლარი;
    • ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხო ენაზე თარგმნის საფასურია 30 ლარი.

    ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმება შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით წარდგენილი განცხადების დროს:

    • 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი.

    საზღვარგარეთ გადასახდელი მომსახურების საფასური (საკონსულო აპოსტილი):

    • 8 სამუშაო დღის ვადაში – 10 აშშ დოლარი;
    • ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხო ენაზე თარგმნის საფასურია 10 აშშ დოლარი.