მისამართზე რეგისტრაცია

მისამართზე რეგისტრაცია

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სავალდებულოა, საქართველოს ყველა მოქალაქე და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი (საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი) რეგისტრირებული იყოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მისამართზე რეგისტრაცია უფასოა.

  • ახალშობილი საქართველოს მოქალაქის დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება მისი მისამართზე რეგისტრაცია ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    14 წლის ასაკს მიღწეული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება აღნიშნული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი პირი რეგისტრირდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, აუცილებელია ერთ-ერთი მშობლის თანხმობისა და მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის წარმოდგენა.

  • საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ  – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ საქართველოს ტერიტორიაზე ­იმყოფება – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს მისამართზე რეგისტრაცია.

    რეგისტრაციისათვის (მათ შორის, თუ მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან ერთად) საქართველოს მოქალაქემ და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა უნდა მიმართონ სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.

    დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირს შეუძლია, მისამართზე რეგისტრაციისათვის მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.

    პირის, რომელიც პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე, მესაკუთრის ოჯახის წევრის და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის მისამართზე რეგისტრაცია ხდება 5 კალენდარული დღის ვადაში, სხვა შემთხვევაში პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება 1 თვის ვადაში.

    იმ შემთხვევაში, თუ მისამართზე რეგისტრაცია მოთხოვნილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან ერთად, მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

  • საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაციისთვის პირმა უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

    • საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – თუკი პირი თავად არის მესაკუთრე;
    • საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა;
    • დასარეგისტრირებელი პირის ბოლო სამი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც  გამოხატული უნდა იქნეს განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.

    სრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება მისი ან წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    1. საცხოვრისის მესაკუთრეს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
    2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს ცნობა კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი მიიღებს მხოლოდ რეგისტრირებული პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რეგისტრირებულ პირთა პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე.

  • თუ პირი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო 6 თვის განმავლობაში არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე, მისი რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერი სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია,  რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ამასთანავე:

    • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან, განცხადების გარდა, უნდა წარმოადგინოს საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებელი შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი;
    • თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე წარდგენილი წერილობითი  ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ უცხოვრია.

    რეგისტრაციიდან  მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების  წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

    მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე განცხადების განხილვა უფასოა.