საქართველოს მთავრობა საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ ეტაპს იწყებს, რომლის მიზანია ქვეყანაში საჯარო მმართველობის სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება. რეფორმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოში პირველად მოხდება სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი სტრატეგიის დამტკიცება. აგრეთვე, დაინერგება და დაიხვეწება სტრატეგიით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები და ტრენინგ-მოდულები.
ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროექტი – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მონაცემების მართვის პროცესების გაძლიერების გზით“. პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხოების სისტემების კიდევ უფრო გაძლიერება და საჯარო სექტორისთვის მონაცემთა შეგროვებისა და მართვის ერთიანი სტანდარტის შემუშავება.
8 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ზურაბ სანიკიძემ რეფორმის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარადგინა.