სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

სააგენტოს მისია

ქვეყნის პროგრესისთვის ვქმნით და ვავითარებთ უსაფრთხო სახელმწიფო სერვისებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

სააგენტოს ფუნქციები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ).

სააგენტო საერთაშორისო სტანდარტების,  დემოკრატიული ღირებულებებისა და პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით ემსახურება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მისი მუდმივი სრულყოფა, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული თუ საერთაშორისო პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა.

სააგენტოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის მოწმობების გაცემა;  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და მისამართზე რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა; ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა; დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია; სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული პროცესების შემდგომი განვითარება.

სააგენტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და შენარჩუნების პროცესში. ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელებული ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების – პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის – სანდოობა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტი და სრულად დააკმაყოფილა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის აუცილებელი პირობები. ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.

სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პერსონალურ მონაცემთა დაცვა.  საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უწყება ფლობს სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების, უცხოელთა რეგისტრაციის, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტების, მოქალაქეობის სტატუსის შესახებ და სხვ. სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, პერსონალურ მონაცემთა საიმედოდ დაცვის მიზნით, მუდმივად ზრუნავს  საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის წარმოებას, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხებზე საბოლოო დასკვნის მომზადებასა და საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენას. აგრეთვე, აწარმოებს საქართველოში ემიგრაციის ნებართვის, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების და  ყველა ტიპის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებზე კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში,  საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი მიდგომების დანერგვა მომხმარებელზე ორიენტირებული, კიდევ უფრო გამარტივებული და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტის, მათ შორის, ზემოაღნიშნული სტრატეგიის აღსრულების მაკოორდინირებელი უწყებაა. 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითაა შექმნილი. სამდივნო, მიგრაციის პროცესების ეფექტიანი მართვისა და სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინაციის მიზნით, ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას. ამასთანავე, სამდივნო არის მიგრაციის სფეროში ევროკავშირის ექსპერტთა „მიგრაციის ევროპული ქსელის“ ეროვნული საკონტაქტო პირი.

სააგენტო მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გაზიარებით და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით, ასევე, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პერსონალიზაციითა და მართვის სისტემების დანერგვით.